სიონი მეორეა

ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის გამოტოვებული შეხვედრა ზუგდიდში, ბოლნისელთა გამარჯვებით – 1:3 დასრულდა.

ამ მოგებით, ვარლამ კილასონიას გუნდმა 26 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. ანგარიშის გახსნა ბოლნისელებს მე-7 წუთზე შეეძლოთ, თუმცა სტანდარტული სიტუაცია შალამბერიძემ ხეირიანად ვერ შეასრულა და ბურთი კარს ააცილა. ისევ შალამბერიძე აქტიურობდა რამდენიმე წუთში, მაგრამ მიზანმა კვლავ უმტყუნა. საბოლოოდ, შალამბერიძის აქტიურობამ მიზანს მაინც უწია. 30-ე წუთზე, მრავალსვლიანი კომბინაცია ბოლნისელთა 28 ნომრის გოლით დასრულდა. ფოფხაძემ ფლანგიდან კარგად ჩაჰკიდა ბურთი, ტატანაშვილი მას ვერ შეწვდა, სამაგიეროდ, შალამბერიძემ კარგად დაამუშავა და მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში აუღებელი დაარტყა – 0:1, „სიონი წინ გავიდა“.

ზუსტად ერთ წუთში, მალანია ცდილობდა გატანას, მაგრამ თავით არაზუსტად დაარტყა. „ზუგდიდმა“ რამდენიმე იერიში განახორციელა, მაგრამ მასპინძელთა შეტევებს სიმწვავე აკლდა, საბოლოოდ კი, ისევ „სიონმა“ შეძლო უპირატესობის გაზრდა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე შალამბერიძე ისეთივე გოლის გატანას ცდილობდა, როგორც პირველი გაიტანა, თუმცა ამჯერად, მეკარემ მის დარტყმულზე რეაგირება მოახერხა, თუმცა ჯომიდავამ ბურთი ცხვირწინ მოიგერია, რომელსაც ვასაძემ დაამატა და ბოლნისელები შესვენებაზე ორ-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის განახლებისთანავე, სტუმრებს ისევ შეეძლოთ გატანა, თუმცა ამჯერად ჯომიდავა დამაჯერებელი იყო, მან გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

ამ მომენტიდან დაახლოებით 15 წუთი მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, რაც ლოგიკურად დასრულდა. წყაროზიამ, 63-ე წუთზე, ჯავაშვილის საჯარიმოს თავი დაუხვედრა და ანგარიში შეამცირა.

გაშვებული გოლის შემდეგ „სიონი“ გააქტიურდა, რადგან ამ შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულით, გუნდი მეორე ადგილზე გადადიოდა. ვილი ისიანმა ბურთი ფლანგზე კარგად მიიღო, მცველები მოატყუა, შემდეგ კი მეკარეც და 78-ე წუთზე უპირატესობა სამამდე გაზარდა. უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ მასპინძლები ამ შეხვედრის შემომტრიალებლები აღარ იყვნენ და ფარ-ხმალიც დაყარეს.

მატჩის მიწურულს, სვანიძე ისიანი-უგულავას კომბინაციით მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მასპინძელთა კარის კიპერმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა, დამატებაზე ვერც საჯაიამ მოახერხა გატანა.

ამრიგად, 11 ტურის შემდეგ, ჩვენს გუნდს 26 ქულა აქვს და ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „სიონი“ „ცხინვალის“ წინააღმდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდორზე, 22 ნოემბერს გამართავს.

ეროვნული ჩემპიონატი, მერვე ტურის გამოტოვებული შეხვედრა

ზუგდიდი – სიონი

ზუგდიდი: ჯომიდავა, ქანთარია, მალანია, თიბილაშვილი (ფიფია 74’), ნარმანია, ჯავაშვილი, ტყემალაძე, წყაროზია, ლაშხია (ქირია 62’), გ. სამუშია (ც. სამუშია 45’), შულია;

სათადარიგო: საბეკია, ჩანგელია, ჟვანია, კვარაცხელია;

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია;

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, სვანიძე, ჯაფიაშვილი, გაფრინდაშვილი, საჯაია, გოგობერიშვილი (კილასონია 67’), შალამბერიძე (მიქაბერიძე 61’), ისიანი, ვასაძე, ტატანაშვილი (უგულავა);

სათადარიგო: ნანიევი, კობახიძე, კილასონია, მანაგაძე, ჭიკაიძე;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი;

გაფრთხილება: თიბილაშვილ’ , გოგობერიშვილი, სვანიძე;

გოლები: შალამბერიძე 30’, ვასაძე 45, წყაროზია 63’, ისიანი 78’;

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.