შუქურამ სიონი ქულას დააჯერა

ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა, ქობულეთის „შუქურასა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

რომ არა ნაცნობი საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა, სტუმრებს, მასპინძელთა კარში მინიმუმ 6-7 ბურთი უნდა გაეტანათ.

მატჩის საწყის წუთებშივე გოგინაშვილს ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა მეკარემ სიტუაცია კარგად წაიკითხა და ბურთს ადვილად დაეუფლა. ისევ გოგინაშვილი აქტიურობდა მე-12 წუთზე, რომლის წინააღმდეგაც მცველებმა წესები დაარღვიეს, გვალიას საჯარიმოს თავი ჯაფიაშვილმა დაუხვედრა – ბურთი ძელს გადაცდა.

მასპინძლები კონტრშეტევაზე თამაშობდნენ და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში, ელგუჯა ლობჯანიძე ცდილბოდა მირზა მერლანის კარის აღებას, მაგრამ გამოცდილმა მეკარემ ადვილად აუღო თავდამსხმელს.

100%-იანი საგოლე მომენტი გააფუჭა დიმიტრი ტატანაშვილმა. ჯაფიაშვილმა რაზმაძეს ბურთი კარგად მიაწოდა, რომელმაც ტატანაშვილისკენ ჩაკიდა საჯარიმოში ბურთი, მეკარე შეცდა, ბოლნისელთა ბომბარდირმა კი კარის ჩარჩოში ვერ ჩასვა ბურთი.

ისევ გოგინაშვილის აქტიურობას, წესების დარღვევა მოჰყვა. გვალიას საჯარიმოს, თავი ამჯერად ტატანაშვილმა დაუხვედრა – ქობულეთელები ძელმა იხსნა. თავით გატანა თავდამსხმელს კუთხურიდანაც შეეძლო, აქაც, მეკარემ თავზე მოუხსნა ბურთი.
მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს თემურ შალამბერიძის ფეხბურთელებმა. პირველი ტაიმის ბოლოს, რიკოშეტით კარში ბურთი გადიოდა, მაგრამ მერლანმა გუნდი გადაარჩინა.

მეორე ტაიმი უფრო დაბალ ტემპში წავიდა. თებერვლის კვალობაზე, ტემპერატურა 22 გრადუზე მეტი იყო, ამიტომ სიცხემ თავისი გაიტანა. მასპინძლები დაიღალნენ. „სიონი“ კი დაწოლას აძლიერებდა. გვალიამ საჯარიმო ჯაფიაშვილთან გაითამაშა, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა და ეფექტურ გოლსაც გაიტანდა. კონტრშეტევებში გართულ ბოლნისელებს, თავად გაემოეპარათ მასპინძელთა იერიში. გრიგოლ დოლიძემ უხერხულად დაარტყა, მაგრამ კარის ჩარჩოში დამიზნება ვერ მოახერხა.

თავად გვალიას შეეძლო გატანა შეხვედრის მიწურულს. ჯიოევმა ამჯერადაც აჯობა ბოლნისელებს და ბურთი მოიგერია. „სიონი“ შინ ქულით დაბრუნდა და ქობულეთში ვერმოგება მეოთხე ადგილის დაკარგვადაც დაუჯდა.

18 ტურის შემდეგ, „სიონს“ 34 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება.

შემდეგ შეხვედრას, ბოლნისელები, „თამაზ სტეფანიაზე“ გამართავენ. ჩვენი გუნდის მეტოქე თერჯოლის „საპოვნელა“ იქნება.

მე-18 ტური. „ჩელე არენა“

შუქურა – სიონი

შუქურა: ჯიოევი, კომახიძე, ჩალაძე, მალანია, ბრაჭული, გეგეჭკორი, პუკანიჩი (ურიდია 68’), თარხნიშვილი (კაპ), გეწაძე (დოლიძე 46’), მოსიაშვილი, ლობჯანიძე (კაკალაძე 79’), სტურუა;

სათადარიგო: ტაკიძე, ჩაჩუა, კერძევაძე;

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე;

სიონი: მერლანი (კაპ), ფოფხაძე (შულაია 73’), კილასონია, ჯაფიაშვილი, გურეშიძე, გაფრინდაშვილი, რაზმაძე, გვალია, მანჯგალაძე (გოგობერიშვილი 66’), გოგინაშვილი (ვიერა მედინა 66’), ტატანაშვილი;

სათადარიგო: ნანიევი, სვანიძე, საჯაია, კობახიძე;

მთავარმი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

მთავარი არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი;

გაფრთხილება: ბრაჭული (48’), ჯაფიაშვილი(50’), შულაია (74’);

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.