სიონის მორიგი ფრე

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი, ბოლნისის “სიონსა” და თბილისის “საბურთალოს” შორის, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

ბოლნისელებისთვის, მეორე წრეში ეს უკვე მეოთხე ფრეა, ვარლამ კილასონიას შეგირდებმა, ექვსიდან, მხოლოდ ორი თამაში მოიგეს და სოლიდური უპირატესობის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი შედარებით დაბალ ტემპში წარიმართა. მე-11 წუთზე, “საბურთალოელები” ბოლნისელთა კარს დაემუქრნენ, ფოფხაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია და სიტუაცია განმუხტა. ხშირად ცდებოდნენ მასპინძლები ცენტრში, რის გამო, სტუმართა კაპიტანს, გოშთელიანს ორჯერ მიეცა დარტყმის საშუალება. რომ არა მისი უზუსტოდ დარტყმები, ანგარიში პირველ ნახევარშივე გაიხსნებოდა.

საკამათო ეპიზოდი იყო 33-ე წუთზე – ჯაფიაშვილმა “საბურთალოს” მცველები მოატყუა და დასარტყმელ პოზიციაზე გადიოდა, მაგრამ საჯარიმოში წააქციეს, მსაჯის სასტვენი დუმდა. 11 მეტრიანი არ დაინიშნა, რასაც მასპინძლები აპროტესტებდნენ. რამდენიმე წუთში, ისევ ჯაფიაშვილს ჰქონდა გატანის შანსი. მან შორიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა მცირედით ააცილა.

მატჩის მეორე ტაიმი უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მასპინძლებს გოლი სჭირდებოდათ, ამიტომ, ვარლამ კილასონიამ, ფოფხაძე და გოგობერიშვილი მოხსნა და მათ ნაცვლად, მოედანზე ლუის ალბერტო და ვასაძე გამოიყვანა, რომელთაც ბურთი უნდა დაეჭირათ და შეტევები გაემწვავებინათ. ამან გაამრთლა კიდეც. “სიონის” პორტუგალიელ ლეგიონერს რამდენიმეჯერ ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში, სტუმართა მეკარემ, რომ იტყვიან მკვდარი ბურთი აუღო ლუის ალბერტოს და გუნდი იხსნა.

მსაჯის გადაწყვეტილებების გამო, ორივე გუნდის სათადარიგოთა სკამზე ვნებათა ღელვა იყო, რის გამოც, მეოთხე სათადარიგო არბიტრს ხშირად უხდებოდა მათი დაწყნარება. აშკარა იყო, რომ მასპინძლებს მოგება სურდათ, სტუმრები კი ქულაზეც თანახმა იქნებოდნენ. ერთ-ერთი ბოლო შანსი, ანგარიშის გახსნის, კილასონიას ჰქონდა, თუმცა მისი საჯარიმო პირდაპირ ხელებში მიუვიდა მეკარეს.

21 ტურის შემდეგ, “სიონს” 39 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება.

შემდეგ შეხვედრას, ბოლნისელები, სტუმრად, 2 აპრილს, მარტვილში, “მერანის” წინააღმდეგ გამართავენ.

21-ე ტური

“თამაზ სტეფანია”

სიონი – საბურთალო

სიონი: მერლანი, ფოფხაძე (ვასაძე 46’), ვ. კილასონია, ჯაფიაშვილი, გიორბელიძე, გაფრინდაშვილი, რაზმაძე, გოგობერიშვილი (ლუის ალბერტო), მანჯგალაძე, კობახიძე (გოგინაშვილი 72’), ტატანაშვილი;

სათადარიგო: ნანიევი, შალამბერიძე, გურეშიძე, ოთარაშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია;

საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხორხელი (რუხაძე 53’), ფანცულაია (ალთუნაშვილი 74′), ბიძინაშვილი (გვარაძე; 59’), ელვინ ტერა, სოფრომაძე;
სათადარიგო: ქურდაძე, ქოჩორაშვილი, ლაკვეხელიანი, მეგრელაძე;

მთავარი მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი;

გაფრთხილება: მანჯგალაძე 30′, ალთუნაშვილი 75′

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.