მღელვარება “მცხეთა პარკზე”

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას „მცხეთა პარკმა“ უმასპინძლა. ბოლნისის „სიონი“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა და შეხვედრა, ფრედ – 2:2 დაასრულა.

„სიონი“, გასულ სეზონში, სათასო გათამაშებას სწორედ თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ გამოთიშა, ახლა კი ბოლნისელები რევანშს აპირებენ, ამიტომ, ამ დაპირისპირებას ყველა წინაპირობა ჰქონდა იმისთვის, რომ საინტერესო გამომდგარიყო.
მატჩის პირველი ნახევარი ძალიან დაბალ ტემპში წარიმართა. მოედნის ცუდი საფარის გამო, ფეხბურთელები ხშირად კარგავდნენ ბურთს, უფრო მეტი მონდომება კი მასპინძლებს ეტყობოდათ. ბოლნისის „სიონი“ კონტრშეტევების ხარჯზე ცდილობდა ფონს გასვლას, რაც გამოუვიდათ კიდევაც. შეხვედრის 21- წუთზე, კობახიძემ მარცხენა ფლანგიდან, საჯარიმოს სიახლოვეს გოგობერიშვილს გადააწოდა პასი, რომელმაც უყურადღებოდ დატოვებულ ლუის ალბერტოს ზუსტად მისცა ბურთი, მანაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ბურთი ბადეში მოათავსა და გუნდი წინ გაიყვანა.

ვერა და ვერ შეძლეს ბოლნისელებმა თავისი თამაშის თავზე მოხვევა „ვეტერინარებისთვის“, რაც ტაიმის ბოლოს გოლად დაუჯდათ კიდეც. მერლანმა საჯარიმო დარტყმული იოლად მოიგერა, ბურთი თამაშში შეიყვანა, სადაც თანაგუნდელებმა დაკარგეს, „ვიტ ჯორჯიამ“ კი იერიში წამოიწყო, თითქოს ყველაფერი მარტივი იყო, მერლანი გამოვიდა, ბურთს წამოედო, მაგრამ შეცდა, ვაზაგაშვილმა კი სტუმრებს გოლი გასახდელში გააყოლა – 1:1.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო. ღირდელაძემ მარჯვენა ფლანგზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, მცველები ვერ დაეწიენ, მერლანი კი უძლური აღმოჩნდა, „სიონი“ კი – მდევრის რანგში. მეორე გოლს სტადიონზე არეულობა მოჰყვა. „ვიტ ჯორჯიას“ ქომაგი მინდორზე გადახტა და გოლის ავტორს ეხუტებოდა, რის გამოც სამართალდამცავების ჩარევა გახდა საჭირო.

გაშვებული ბურთის შემდეგ, თამაში უფრო საინტერესო და დაძაბული გახდა. „სიონი“ შედეგზე თამაშობდა, ამიტომ, მეტოქეზე დაწოლა გააძლიერა, მასპინძლებმა კი უხეშობას უმატეს. გიული მანჯგალაძის შესრულებულ საჯარიმოს, თავი ვარლამ კილასონიამ დაახვედრა და გოლიც გაიტანა, თუმცა, გვერდითა არბიტრმა, რატომღაც თამაშგარე დააფიქსირა.
დაცვით თამაშზე არც მასპინძლებს უფიქრიათ, ამიტომ, შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. 70-ე წუთზე, ალექსანდრე გურეშიძის წინააღმდეგ იუხეშეს, მსაჯს ჯარიმა არ დაუფიქსირებია, თუმცა, გურეშიძე შესაცვლელი გახდა. ჯელაძე ვა-ბანკზე წავიდა, გურეშიძის ნაცვლად, დაცვის ცენტრში გოგობერიშვილმა გადაინაცვლა, ტატანაშვილს, ლუის ალბერტოსა და კობახიძესთან ერთად, შეტევები უფრო უნდა გაემწვავვებინა. ცვლილებამ გაამართლა. მინდორზე შემოსვლიდან ორ წუთში, ბოლნისელთა გოლეადორმა, წონასწორობა აღადგინა და განმეორებითი შეხვედრის წინ, გუნდს საქმე შედარებით გაუიოლა.

დარჩენილ დროში, გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა ეს შეტევები სასურველი შედეგით ვერცერთმა დაასრულა.

თასის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა, 5 მაისს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის მოედანზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.