ბუბა ტყავაძე სტუმრად “ღია მიკროფონში”

ბოლნისის “სიონის” დირექტორმა კლუბის სამომავლო გეგმებზე და მიზნებზე ნანა ჩოკორაიას გადაცემა “ღია მიკროფნში” ისაუბრა.

ბუბა ტყავაძის თქმით, კლუბის არსებობისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და ფინანსების განსაზღვრა, რაზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

OPEN MIC: მოგიწიათ თუ არა რადიკალური ცვლილებების განხორციელება კლუბში თქვენი მისვლის შემდეგ?

ბუბა ტყავაძე: რადიკალურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებდი იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გუნდში დამხვდა. გუნდში მხოლოდ სამი ფეხბურთელი იყო დარჩენილი, დანარჩენებთან ხელშეკრულება გაწყვეტილი იყო, ამიტომ ჩემი მთავარი მიზანი გახლდათ, რაც შეიძლება სწრაფად შეგვეკრიბა ფეხბურთელები, რომელიც გამოგვადგებოდა ახალ სეზონში. სურვილი გვაქვს, რომ გვყავდეს გუნდი, რომელიც იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის და ჩემი ამოცანაა ,,სიონი“ დაბრუნდეს რანგით პირველ ლიგაში, მაგრამ რამდენად მოვახერხებთ ამას, ეს მეორე საკითხია. იყო ბევრი ხელის შემშლელი პირობა. უნდა აღვნიშნო, რომ არის დავალიანებები. ამის გათვალისწინებით, რთულია დავალიანების ქვეშ მყოფი კლუბისთვის მოკრიბოს ფეხბურთელები, მაგრამ შევძელით ფეხბურთელების მოყვანა, რომლებიც გვენდნენ და იმედი მაქვს, ეტაპობრივათ ყველაფერს დავალაგებთ.

OPEN MIC: ბოლნისის “სიონში” თქვენი მისვლა რა მიზეზებით იყო განპირობებული?

ბუბა ტყავაძე: როდესაც კლუბმა დატოვა უმაღლესი ლიგა, იყო შემოთავაზება, რომ ჩამებარებინა გუნდი. მე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ სიძნელეებს არ ვუშინდები. ბოლნისი ჩემთვის თითქმის მშობლიური მხარეა და ბუნებრივია, მაქვს სურვილი დავეხმარო ამ გუნდს.

OPEN MIC: იქნება “სიონი” კონკურენტუნარიანი?

ბუბა ტყავაძე: რანგით მეორე ლიგაში ფაქტობრივად მივიღეთ 6 გუნდი, რომელიც იბრძოლებს პროლიგა 1-ში გადასასვლელად. დაძაბული ჩემპიონატი იქნება.

OPEN MIC: ახალ სეზონს ,,ზუგდიდთან“ დაპირისპირებით იწყებთ. დაგეგმილია თუ არა სამი ქულა?

ბუბა ტყავაძე: ყველა გუნდთან თამაში მნიშვნელოვანია. ვცდილობთ მზადყოფნაში შევხვდეთ ამ მატჩს. დრო ცოტა იყო, ჩვენ ვარჯიშები დავიწყეთ 20 იანვრიდან. მაგრამ დღეს გუნდმა უკვე მიიღო სახე. აქვე აღვნიშნავ, რომ შარშანდელი ჩემპიონატიდან ცუდი მემკვიდრეობა გვერგო იმ მხრივ, რომ პირველ სამ საშინაო შეხვედრას ბოლნისის,,სიონი“ საკუთარ მოედანზე ვერ ჩავატარებს. ამიტომ გვიწევს სტადიონის მოძიება, სადაც გავმართავთ საშინაო მატჩებს და ჯერჯერობით გარკვეული არ არის სად ვითამაშებთ.

OPEN MIC: ქართულ ფეხბურთში განხორციელებულ ცვლილებებზე რა აზრის ხართ. იგივე ფორმატის ცვლილება, იგივე ფონდის შექმნა?

ბუბა ტყავაძე: კლუბის არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ამას კი ფინანსები განსაზღვრავს. თუ ხელმძღვანელს ეცოდინება რა იქნება სეზონის განმავლობაში შემოსავალი, შესაბამისად, შეეძლება ამის მიხედვით დაგეგმოს სეზონი ისე, რომ კლუბმა შეძლოს არსებობა. ხშირად ხდებოდა ქართულ ფეხბურთში, როდესაც კონკრეტული კლუბი მაღალ პოზიციას მიაღწევდა ჩემპიონატში და შემდეგ ამბობდა, რომ არ აქვს ფინანსები და ითხოვდა დაფინანსებას. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი.

OPEN MIC: კერძო სექტორის დაინტერესებას გამოიწვევს ეს პროცესი?

ბუბა ტყავაძე: ჩემი აზრით, თანხები უნდა იყოს მიმართული კლუბის არსებობისთვის და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. გუნდებმა უნდა შეძლოს სტადიონების, ბაზების კეთილმოწყობა. ვფიქრობ, სწორედ ამის შემდეგ უფრო დაინტერესდება კერძო სექტორი.

OPEN MIC:
საწევროს რაოდენობის გაზრდა, ფინანსურად, რამდენად შეიძლება მკვეთრად უარყოფითად აისახოს გუნდებზე?

ბუბა ტყავაძე:
არც ერთი კლუბისთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც საწევრო იზრდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეორე მხარესაც უნდა მოვუსმინოთ, რამ გამოიწვია საწევროს გაზრდა. მივიღეთ ის რეალობა, რაც არის. აქედან გამომდინარე, უნდა მოვძებნოთ გზები, რომ შარშანდელთან შედარებით არსებული განსხვავება დავაბალანსოთ. ამასთან, ჩვენც უნდა ვუმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ მოვიძიოთ სპონსორები, რათა კლუბს დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდეს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.